ხველა მნიშვნელოვანი დაცვითი რეფლექსია. ხველას სასუნთქი გზების გაღიზიანება იწვევს და ის მოქმედებს, როგორც ორგანიზმის დამცავი ფუნქცია, ასუფთავებს ჩვენს სასუნთქ გზებს გამღიზიანებლებისგან, როგორიცაა მტვერი, პათოგენები, მავნე ნივთიერებები ან უცხო სხეულები. ხველა, ასევე, სხვადასხვა დაავადების გავრცელებული სიმპტომია — მათ შორის, ნაკლებად სერიოზულის, როგორიცაა გაციება ან ბრონქიტი, თუმცა, უფრო სერიოზულ დაავადებაზეც შეიძლება მიანიშნებდეს, მაგალითად, პნევმონიაზე, ასთმაზე, ფილტვებში სისხლის კოლტებსა ან სითხეზე. ხველის კლასიფიცირება შეიძლება ხანგრძლივობის მიხედვით (მწვავე / ქვემწვავე / ქრონიკული) ან იმის მიხედვით, უკავშირდება მას ლორწოს/ნახველის გამოყოფა (სველი, ე.ი., პროდუქტიული) თუ არა (მშრალი, ე.ი., არაპროდუქტიული). ჩვეულებრივ, ჩვენი სასუნთქი გზები გამოიმუშავებს მცირე რაოდენობით ლორწოს დატენიანების უზრუნველსაყოფად და ბრონქების შიდა ზედაპირის ამომფენი თხელი აპკის შესანარჩუნებლად. თუმცა, მაგალითად, რესპირატორული ინფექციების დროს, ლორწო შეიძლება ჭარბი რაოდენობით გამომუშავდეს, გახდეს რეზინისებრი კონსისტენციის და გართულდეს ნახველის/ლორწოს ამოხველება. ასეთ შემთხვევებში მის გათხიერება-გაფაშრებას შეუძლია ხელი შეუწყოს სასუნთქი გზებიდან სეკრეტის გამოდევნას, ამით სასუნთქი გზების გათავისუფლებასა და სუნთქვის გაადვილებას. არსებობს ამ პროცესის ხელშემწყობი მედიკამენტები, რომლებსაც მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები ეწოდება. მეორე მხრივ, მშრალი ხველისას ლორწოს ამოხველება არ ხდება. ამიტომ, მშრალი ხველის მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით, რომლებიც თრგუნავს ხველის რეფლექსს.